Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
Параллельные места
რომ გათენდა, იუდეველებმა შეკრება მოაწყვეს და შეფიცეს ერთმანეთს, თქვეს, არ ეჭამათ და არ ესვათ, ვიდრე პავლეს არ მოკლავდნენ. ორმოცზე მეტნი იყვნენ ისინი, ვინც შეითქვნენ. მივიდნენ ისინი მღვდელმთავრებთან და უხუცესებთან და უთხრეს: „ფიცით დავიფიცეთ, რომ არაფერს ვიგემებთ, ვიდრე პავლეს არ მოვკლავთ. ახლა თქვენ და სინედრიონმა შეუთვალეთ ათასისთავს, რომ მოიყვანოს იგი თქვენთან, ვითომ უფრო წვრილად გინდათ გამოიკვლიოთ მისი საქმე. ჩვენ კი, ვიდრე ის თქვენთან მოვა, მზად ვიქნებით მის მოსაკლავად.“ შეიტყო ეს ვერაგობა პავლეს დისწულმა, წავიდა, შევიდა ბანაკში და აუწყა პავლეს. პავლემ გამოიძახა ერთი ასისთავთაგანი და უთხრა: „ეს ჭაბუკი მიიყვანე ათასისთავთან, რაღაც აქვს სათქმელი მისთვის.“ მანაც წაიყვანა იგი, მიიყვანა ათასისთავთან და უთხრა: „პატიმარმა პავლემ დამიძახა და მთხოვა, ეს ჭაბუკი შენთან მომეყვანა, სათქმელი აქვს შენთვის.“ ათასისთავმა ხელი მოჰკიდა მას, განზე გაიყვანა და ჰკითხა: „რა გაქვს ჩემთვის სათქმელი?“ მან უთხრა: „იუდეველები შეთანხმდნენ, გთხოვონ შენ, რომ ხვალ გამოიყვანო პავლე სინედრიონში, თითქოს მათ სურდეთ უფრო წვრილად გამოიკვლიონ მისი საქმე. შენ ნუ დაუჯერებ მათ, ვინაიდან ჩასაფრებული ჰყავთ მათგან ორმოცზე მეტი კაცი, რომელთაც ფიცი დადეს, არც ჭამონ და არც სვან, ვიდრე პავლეს არ მოკლავენ. ახლა ისინი გამზადებულები არიან და შენს ბრძანებას ელიან.“ მაშინ ათასისთავმა გაუშვა ჭაბუკი და უბრძანა: არავის გაუმხილო, რაც მე შემატყობინეო. გამოიძახა ორი ასისთავთაგანი და უთხრა: „მოამზადეთ ორასი ჯარისკაცი კესარიაში წასასვლელად, სამოცდაათი ცხენოსანი და ორასი შუბოსანი ღამის მესამე საათისათვის, მოიმარაგეთ პირუტყვები, რომ შესვან პავლე და მშვიდობით მიიყვანონ განმგებელ ფელიქსთან.“ მისწერა ამგვარი წერილი: „კლავდიუს ლუსია — უაღმატებულეს განმგებელს, ფელიქსს: იხარებდე! ეს კაცი შეიპყრეს იუდეველებმა და განზრახული ჰქონდათ მოეკლათ იგი. მე მივედი ჯარისკაცებით და გამოვარიდე მათ, როცა გავიგე, რომ რომაელია. მინდოდა გამეგო, რაში სდებდნენ ბრალს, და მივუყვანე მათ სინედრიონში. გავიგე, რომ თავიანთი რჯულის საქმეში დაუდვიათ ბრალი მისთვის, მაგრამ ისეთი არაფერი დანაშაული ჰქონია, რომ სიკვდილი ან ბორკილები დაემსახურებინოს. სთხოვდნენ წყალობას, რათა გამოეძახა იგი იერუსალიმში, რომ გზაში ჩასაფრებოდნენ და მოეკლათ.
Выбор основного перевода