Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
Параллельные места
მაშინ მივიდა მასთან პეტრე და უთხრა: „უფალო! რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს წინააღმდეგ თუ შესცოდა? შვიდჯერ?“ უთხრა მას იესომ: „მე არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ. ამიტომ ჰგავს ცათა სასუფეველი კაცსა მეფესა, რომელმაც მოისურვა თავისი მონებისათვის ანგარიშის გასწორება. როცა დაიწყო ანგარიში, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც ათი ათასი ტალანტი ემართა მისი. და რაკი არაფერი გააჩნდა, რომ გადაეხადა, ბატონმა ბრძანა გაეყიდათ იგი, მისი ცოლი, შვილები და ყოველივე, რაც კი ებადა, და გადაეხადა. მონა დაემხო პირქვე, თაყვანი სცა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო. ბატონს შეებრალა ის მონა, გაუშვა და ვალიც აპატია. ამ მონას გამოსვლისთანავე შეხვდა ერთი თავისი თანამონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა, დაიჭირა, ყელში სწვდა და უთხრა: გადამიხადე, რაც გმართებსო. პირქვე დაემხო თანამონა, შეევედრა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო. მაგრამ მან არ ინდომა, არამედ წავიდა და ჩააგდო იგი საპყრობილეში, ვიდრე ვალს არ გადაუხდიდა. მისმა თანამონებმა რომ ნახეს, რაც მოხდა, შეწუხდნენ, მივიდნენ თავიანთ ბატონთან და აუწყეს ყოველივე მომხდარი. მაშინ დაიბარა იგი მისმა ბატონმა და უთხრა: ‘ბოროტო მონავ! რაკი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატიე. განა არ გმართებდა, შეგეწყალებინა შენი თანამონა, როგორც მე შენ შეგიწყალე?’ განრისხდა ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე მთელ თავის ვალს არ გადაუხდიდა. ასევე მოგექცევათ თქვენ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს.“
Выбор основного перевода