Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
Параллельные места
მეორე დღეს, როცა ისინი გზაში იყვნენ და ქალაქს უახლოვდებოდნენ, იქნებოდა ასე ექვსი საათი, რომ პეტრე ერდოზე ავიდა სალოცავად. მოშივდა და ჭამა მოუნდა. ვიდრე რამეს მოუმზადებდნენ, გარინდებამ მოიცვა იგი და იხილა გახსნილი ცა და გარდმომავალი რაღაც ჭურჭელი, დიდი ტილოს მსგავსი, რომელიც ოთხი კიდით ეშვებოდა მიწაზე. მასში იყო მიწის ყოველნაირი ოთხფეხი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი. და იყო ხმა მის მიმართ: „ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე.“ პეტრემ თქვა: „არა, უფალო, არასოდეს არაფერი მიჭამია შებილწული და უწმიდური.“ მეორედ კვლავ იყო მის მიმართ ხმა: „რაც ღმერთმა განწმიდა, ნუ მიიჩნევ შებილწულად“. ასე მოხდა სამგზის და ჭურჭელი მყისვე ცად ამაღლდა. როცა გულში ფიქრობდა პეტრე, თუ რა იყო ეს ჩვენება, რომელიც მან იხილა, აჰა, კორნელიოსის გამოგზავნილი კაცები კითხულობდნენ სიმონის სახლს და ჭიშკართან იდგნენ. დაუძახეს და ჰკითხეს: „აქაა სტუმრად სიმონი, პეტრედ წოდებული?“ ვიდრე პეტრე ჩვენებაზე ფიქრობდა, სულმა უთხრა მას: „აგერ, სამი კაცი გეძებს შენ. ადექი, ჩადი და გაჰყევი მათ. ნუ ყოყმანობ, ვინაიდან მე მოვავლინე ისინი.“ ჩავიდა პეტრე იმ კაცებთან და უთხრა: „მე ვარ, ვისაც თქვენ ეძებთ. რისთვის მოსულხართ?“ მათ თქვეს: „ასისთავ კორნელიოსს, მართალს და ღვთისმოშიშ კაცს, რომელსაც ემოწმება იუდეველთა მთელი ერი, წმიდა ანგელოზისგან ებრძანა, მოგიხმოს თავის სახლში და მოისმინოს შენი სიტყვები.“ მაშინ მიიწვია ისინი და უმასპინძლა. მეორე დღეს კი ადგა და გაჰყვა მათ და ზოგიერთი იაფოელი ძმაც თან ახლდა. მეორე დღეს შევიდნენ კესარიაში. კორნელიოსი ელოდა მათ, შემოეკრიბა თავისი ნათესავები და ახლო მეგობრები. როცა შედიოდა პეტრე, კორნელიოსი შეეგება მას, ფეხებში ჩაუვარდა და თაყვანი სცა. პეტრემ კი წამოაყენა და უთხრა: „ადექი, მეც კაცი ვარ.“ და მასთან საუბრით შევიდა და მრავალი შეკრებილი ჰპოვა იქ, უთხრა მათ: „თქვენ უწყით, რომ იუდეველ კაცს ეკრძალება ურთიერთობა და დაახლოება უცხოტომელთან. მაგრამ მე მიჩვენა ღმერთმა, რომ არც ერთი ადამიანისთვის არ მეწოდებინა შებილწული ან უწმიდური. ამიტომ, როცა მომიხმეს, უყოყმანოდ მოვედი. ამიტომ გეკითხებით: რა საქმეზე მომიხმეთ?“ კორნელიოსმა თქვა: „ოთხი დღის წინ, ამ საათამდე, ვმარხულობდი, მეცხრე საათზე ჩემს სახლში ვლოცულობდი. და აჰა, ჩემს წინაშე დადგა კაცი ელვარე სამოსით. თქვა: ‘კორნელიოს, შესმენილია შენი ლოცვა და შენი მოწყალებანი მოხსენებულია ღვთის წინაშე. ახლა გაგზავნე იაფოში და დაუძახე სიმონს, რომელიც პეტრედ იწოდება: მეტყავე სიმონის სახლში დგას ზღვის პირას.’ მაშინვე გამოვგზავნე შენთან და კარგად მოიქეცი, რომ მოხვედი. ახლა ჩვენ ყველანი ვდგავართ ღვთის წინაშე, რომ მოვისმინოთ ყოველივე, რაც უფლისაგან გაქვს ნაბრძანები.“ გახსნა პეტრემ ბაგე და თქვა: „ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის. მან მოუვლინა ისრაელიანებს სიტყვა და ახარა მშვიდობა, იესო ქრისტეს მეშვეობით, ის არის ყოველთა უფალი. თქვენ იცით, რა მოხდა მთელს იუდეაში, გალილეიდან დაწყებული, იმ ნათლისღების შემდეგ, რომელსაც ქადაგებდა იოანე. როგორ სცხო ღმერთმა სულიწმიდით და ძალით იესო ნაზარეველს. დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას, ეშმაკისაგან შეპყრობილებს, ვინაიდან ღმერთი იყო მასთან. ჩვენ ყველაფრის მოწმენი ვართ, რაც მან გააკეთა იუდეის ქვეყანაში და იერუსალიმში, და რომ ბოლოს იგი მოკლეს ძელზე დაკიდებით. იგი ღმერთმა აღადგინა მესამე დღეს და გამოაცხადებინა თავი, არა მთელი ხალხისთვის, არამედ ღვთის მიერ წინასწარ ამორჩეულ მოწაფეთათვის, ჩვენთვის, რომლებიც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. გვიბრძანა, ვუქადაგოთ ხალხს და ვუმოწმოთ, რომ ის არის ღვთისგან განწესებული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად. მასზე ყველა წინასწარმეტყველი ამოწმებს, რომ ყოველი მისი მორწმუნე მისი სახელით მიიღებს ცოდვების მიტევებას. ჯერ კიდევ ლაპარაკობდა პეტრე ამ სიტყვებს, რომ სულიწმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა სიტყვა. მორწმუნენი წინადაცვეთილთაგან, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, გაოცდნენ, რომ სულიწმიდის ნიჭი წარმართებსაც მოეფინათ, რადგან ესმოდათ, რომ ლაპარაკობდნენ ენებზე და ადიდებდნენ ღმერთს. მაშინ მიუგო პეტრემ: „ვის შეუძლია წყლით ნათლისღება დაუკავოს იმათ, ვინც ჩვენსავით მიიღეს სულიწმიდა?“ უბრძანა მათ, მონათლულიყვნენ იესო ქრისტეს სახელით. მაშინ სთხოვეს მას, დარჩენილიყო მათთან რამდენიმე დღეს.
Выбор основного перевода